ელექტროგადამცემი ქსელის მართვა

სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორია. ამ სტატუსის შესაბამისად, ეწევა ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის საერთო კოორდინაციას და ელექტროენერგიის მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებას. კომპანია, ასევე, მართავს მეზობელ სახელმწიფოებთან ელექტროენერგიის გაცვლის პროცესს და აქტიურად თანამშრომლობს მათი გადამცემი სისტემების ოპერატორებთან.

სსე, როგორც დისპეტჩერიზაციის ერთადერთი ლიცენზიანტი, პასუხისმგებელია, რეალურ დროში, ელექტროენერგიის მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებასა და ელექტროენერგიის საიმედო მიწოდებაზე.

დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, სსე ახორციელებს სასისტემო მნიშვნელობის ელექტროგადამცემი ხაზების და ქვესადგურების ცალკეული ელემენტების გამორთვას და საჭიროების შემთხვევაში, ელექტროენერგიის მიწოდების დროებით შეზღუდვას. ამზადებს რელეური დაცვის სქემებს და აანალიზებს ქსელში მომხდარ ავარიებს.

სსე-ს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, ენერგეტიკული რესურსების ოპტიმალური გამოყენების მიზნით, კოორდინაციას უწევს ელექტროენერგეტიკული ბაზრის მონაწილეების საქმიანობას. ასევე, მართავს გადამცემ ქსელს სტანდარტულ და ავარიულ სიტუაციებში.