ენერგეტიკულ გაერთიანებასთან თანამშრომლობა

2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა, ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას. შეთანხმება ითვალისწინებს ევროკავშირთან დაახლოებას და საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან.

შეთანხმებით გათვალისწინებული იყო ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი , რაც საქართველომ გადადგა ევროპასთან ინტეგრაციის და ენერგეტიკული სექტორის განვითარების პროცესში, არის საქართველოს მიერთება ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან. 2016 წლის 14 ოქტომბერს, სარაევოში, ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს 14-ე შეხვედრაზე, ერთხმად დამტკიცდა ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთება. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, საქართველოს სახელით, ხელი მოაწერა ოქმს ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებაზე საქართველოს მიერთების შესახებ. საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირების შემდეგ, ოქმი ძალაში შევიდა 2017 წლის 21 აპრილს.

ორგანიზაციაში საქართველო დამკვირვებლის სტატუსით 2007 წლიდან სარგებლობდა.

საქართველოს სრულუფლებიან წევრობაზე მოლაპარაკებები 2014 წელს დაიწყო, ხოლო მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი, რომელიც საერთო ხედვისა და მიდგომების განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებით კონსტრუქციული იყო, 2016 წლის მაისში გაიმართა.

კანონმდებლობის ჰარმონიზაცია

ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთების ოქმი და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკაშირის მოთხოვნებთან, რომელთა მიზანია ენერგეტიკის სფეროში კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბება. აღნიშნულ დოკუმენტებში პირდაპირ არის მითითებული ევროკავშირის ის დირექტივები და რეგულაციები რომელთა იმპლემენტაციის ვალდებულება ეკისრება საქართველოს. ელექტროენერგეტიკულ სექტორში ეს დოკუმენტებია:

  • ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის 2009/72/EC დირექტივა ელექტროენერგიის შიდა ბაზრისათვის საერთო წესებისა და 2003/54/EC დირექტივის გაუქმების შესახებ;
  • ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის N714/2009 (EC) რეგულაცია ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ქსელზე დაშვების პირობებისა და 1228/2003 (EC) რეგულაციის გაუქმების შესახებ;
  • 2006 წლის 18 იანვრის 2005/89/EC დირექტივა ელექტროენერგიის მიწოდებისა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ.

ჩამოთვლილი აქტების იმპლემენტაციის მიზნით, ევროპელ ექპერტებთან თანამშრომლობის საფუძველზე შემუშავებულია შემდეგი სამართლებრივი აქტების პროექტები:

  1. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  2. „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  3. „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  4. „ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების შესახებ“ წესები;
  5. „ტრანს-სასაზღვრო სიმძლავრის გადანაწილების შესახებ“ წესები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 24 დეკემბრის N1-1/605 ბრძანებით დამტკიცდა „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია“.