წლის დასაწყისიდან შეიცვალა კომპანიის რეგიონალური სერვის-ცენტრების სტრუქტურული დასახელება და გადაკეთდა რეგიონალურ ქსელებად, რაც გაცილებით მეტად მიესადაგება მათ ფუნქციონირებას. კომპანიის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩამოყალიბდა: შიდა ქართლის რეგიონალური ქსელი, რომლის მენეჯერია თემურ მშვიდობაძე; ქვემო ქართლის რეგიონალური ქსელი, მენეჯერი - გელა კეზუა; თბილისის რეგიონალური ქსელი, მენეჯერი – დავით ლაგრაძე; იმერეთის რეგიონალური ქსელი, მენეჯერი - თენგიზ დადიანი; აჭარა-გურია-სამეგრელოს რეგიონალური ქსელი, მენეჯერი - ავთანდილ მოსიძე; კახეთის რეგიონალური ქსელი, მენეჯერი - თემურ მეტრეველი.
სსე ინტენსიურად აგრძელებს ფართომასშტაბიან სარეაბილიტაციო სამუშაოებს ყველა რეგიონალურ ქსელში. საკუთარი ძალებით ქვესადგურ "გარდაბანი - 500”-ს 110 კვ-ის 12 მინაერთზე შეიცვალა ამომრთველები და დენის ტრანსფორმატორები. ქვესადგურში "დიდუბე - 110” იანვრის თვეში შეიცვალა 5 ამომრთველი. ასევე ქვესადგურ "ბათუმი - 220”-ის 4 მინაერთზე იცვლება ამომრთველები და დენის ტრანსფორმატორები. ამ ეტაპზე შეცვლილია 3 ამომრთველი და ტრანსფორმატორი. გარდა ამისა, დაგეგმილია ქ/ს "რუსთავი - 220”-ში ზეთიანი ამომრთველების შეცვლა ახალი, ელეგაზური ამომრთველებით, სადაც 5 ცალი ამომრთველი და დენის ტრანსფორმატორი შეიცვლება. ამ პროექტის შედეგად "რუსთავი - 220”-იც განახლებული ქვესადგური გახდება.
თითქმის ყველა ქვესადგურში 30-40 ტონა ზეთის შემცველი ზეთიანი ამომრთველები შეიცვალა, ან ახლა იცვლება თანამედროვე ტიპის ელეგაზური ამომრთველებით. ეს ფაქტი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მომავალში სსე თავიდან აიცილებს დიდი რაოდენობის ზეთის ექსპლუატაციას და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
გარდა ამისა, ქ/ს "ზუგდიდი - 220”-ში შეიცვალა 1 ცალი 220 კვ-ის დენის ტრანსფორმატორი; აღვადგინეთ და უახლოეს პერიოდში ექსპლუატაციაში შევა სალტეების დიფერენცირებული დაცვა; ქ/ს "მენჯი - 220”-ში დავამონტაჟეთ 2 ერთეული ახალი 220 და 110 კვ-ის ძაბვის ტრანსფორმატორი, რომლებიც ასევე უახლოეს ხანში შევა მოქმედებაში.
წელს იწყება გამთიშველების შეცვლის პროექტი. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია კონტრა-ქტორთან და სამუშაოები სავარაუდოდ აპრილის თვეში დაიწყება. ქ/ს "ზესტაფონი - 500”-ში დაგეგმილია 35 ერთეული გამთიშველის, ხოლო ქ/ს "ქუთაისი - 220”-ში 11 ერთეული გამთიშველის შეცვლა. "ქუთაისი 220”-ში წელს 220-110 კვ-ის ყველა გამთიშველის შეცვლაა გეგმაში.
ხორციელდება ორი ფართომასშტაბიანი პროექტი ქვესადგურებში "ნავთლუღი-220” და "გარდაბანი – 500”, სადაც მიმდინარეობს დარჩენილი ნაწილის რეკონსტრუქცია. იგეგმება 6 კილოვოლტიანი ნაწილის შეცვლაც. შედეგად, წელს ჩვენ გვექნება სრულად რეაბილიტირებული გარდაბნის ქვესადგური. რაც შეეხება "ნავთლუღი - 220”-ს, შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვესადგურს პრაქტიკულად, თავიდან ავაშენებთ. 1949 წელს აგებულ ქვესადგურში შემოვლითი სალტეთა სისტემის აშენების იდეა ჯერ კიდევ კომუნისტების დროს არსებობდა, მაგრამ მისი განხორციელება ვერ მოხერხდა და ახლა სსე თავისი ძალებით ახორციელებს ამ პროექტს, რომელიც გულისხმობს ელექტროსქემის სრულ შეცვლას. შედეგად, მნიშვნელოვნად ამაღლდება დედაქალაქის ელექტრომომარაგების საიმედოობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ სამუშაოებს ჩვენი ძალებით და რესურსებით ვაკეთებთ.
მნიშვნელოვანი პროექტია ქუთაისში გარემონტებული ტრანსფორმატორი, რომელსაც ჩვენი თანამშრომლების მიერ ჩამოყალიბებულმა ჯგუფმა ჩაუტარა რეაბილიტაცია. გარდა იმისა, რომ ტრანსფორმატორების სარემონტო ჯგუფი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული, ისინი თანამედროვე და უახლესი მოწყობილობებით არიან აღჭურვილნი. ასევე, უკვე მიმდინარეობს ახალი, ტრანსფორმატორის ზეთის გადამამუშავებელი მოწყობილობის მონტაჟი და ტესტირება. უმოკლეს ვადაში ჩვენ უკვე შევძლებთ ჩართული ტრანსფორმატორის პირობებში ზეთის რეგენერაციას და მისი პარამეტრების გაზრდას.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ახალი, 220-110 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რომელიც ქვესადგურიდან "მენჯი-220” ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონას მიაწვდის ელექტროენერგიას. ამ მხრივ სამუშაოები უკვე დაწყებულია და ხაზის მშენებლობა, სავარაუდოდ, 2010 წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდგომაც ფოთის ელექტროენერგიით მომარაგება ბევრად სტაბილური და საიმედო გახდება. ხოლო ეს პროექტი კომპანიის გაძლიერების მიმართულებით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
PLEASE UPDATE YOUR BROWSER AND VISIT US AGAIN
თქვენ ხმარობთ მოძველებულ ბრაუზერს, გთხოვთ განაახლოთ და გვეწვიოთ ხელახლა