2016-12-20
სულხან ზუმბურიძე პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე
დღეს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ 2016-2017 წლების ზამთრისთვის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ანგარიში წარადგინა.
,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მზად არის, 2016-2017 წლების ზამთარში, შეუფერხებლად და საიმედოდ უზრუნველყოს ელექტროენერგიის გადაცემა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.“ – განაცხადა სულხან ზუმბურიძემ.
თავის გამოსვლაში, მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ბოლო 5 წლის მანძილზე ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის მაჩვენებელზე, 2016 წლის განმავლობაში აშენებულ ახალ ქვესადგურებსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე, მეზობელ სახელმწიფოებთან ელექტროენერგიის მიმოცვლის საკითხებზე და ექსპორტ-იმპორტის ბალანსზე.
„ცალკე პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება მეზობელ სახელმწიფოებთან ელექტროენერგიის მიმოცვლის საკითხი. ამჟამად, საქართველო მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებით დაკავშირებულია ოთხივე მეზობელი ქვეყნის ენერგოსისტემასთან. ჩვენი დიდი სურვილია ქვეყანამ შეიძინოს რეგიონის ელექტროენერგეტიკული ცენტრის ფუნქცია და განახორციელოს ელექტროენერგიის ტრანზიტი აღმოსავლეთიდან დასავლეთის და ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით.“- აღნიშნა სულხან ზუმბურიძემ.
