ახალი ამბები

2015-12-22 

შეხვედრა ტექნიკურ უნივერსიტეტში

დღეს, 22 დეკემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო შეხვედრა გაიმართა. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ.

მინისტრმა საქართველოს ენერგოსექტორში მიმდინარე პროცესებზე, განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისება-გამოყენებაზე, საინვესტიციო პროექტების მნიშვნელობასა და მათ მიმდინარეობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე პრეზენტაცია გააკეთა სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემაც, რომელიც დამსწრე საზოგადოებას კომპანიის მიერ შემუშავებული საქართველოს გადამცემი ქსელის ათწლიანი განვითარების გეგმაზე და მასში შეტანილ ცვლილებებზე ესაუბრა.

სულხან ზუმბურიძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის გადამცემი სისტემის ინფრასტრუქტურის გაძლიერების დროში გაწერილი პროგრამა, რომელიც ახალი გადამცემი ხაზების, გენერაციის წყაროებისა და ქვესადგურების მშენებლობის საწინდარს წარმოადგენს, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე სტუდენტების მიერ კონსტრუირებულ დანადგარებსა და პროექტებსაც გაეცნენ, რომელიც სტუდენტებმა მთავრობის საგრანტო პროექტის ფარგლებში განახორციელეს.

სტუდენტებთან საჯარო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

Meeting at Technical University1Meeting at Technical University2Meeting at Technical University3

კომუნიკაცია