2016-06-10
სომხეთის ენერგეტიკული სექტორის და USAID-ის წარმომადგენლობის ვიზიტი თბილისში
თბილისს, 2016 წლის 9-10 ივნისს სომხეთის ენერგეტიკული სექტორისა და USAID-ის წარმომადგენლობა სტუმრობდა. სომხეთის დელეგაციას სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ბ-ნი არეგ გალსტიანი და სომხეთის ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ბ-ნი შირახ კირაკოსიანი ხელმძღვანელობდნენ, საქართველოს მხრიდან წარმოდგენილი იყო მისი კოლეგა ქ-ნი მარიამ ვალიშვილი. სტუმრების მიღება და მოლაპარაკებების პროცესი ორგანიზებულ იქნა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს და სს „ესკოს“ მიერ.

შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკაში მიმდინარე ელექტროენერგეტიკული პროექტები განიხილეს. განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება USAID-ის მხრიდან გაწეულ მხარდაჭერაზე. საუბარი შეეხო მეზობელ ენერგოსისტემებში თავისუფალი ბაზრის ფორმირებას და შემდგომ განვითარებას, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობაში განაცხადებით ვაჭრობაზე გადასვლის და ერთი დღით ადრე ვაჭრობის მექანიზმის შემოღების შესაძლებლობის საკითხებს.
შეხვედრაზე აგრეთვე მიმოიხილეს საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი ახალი ელექტროგადამცემი ხაზი (მარნეული-აირუმი) მშენებლობის მიმდინარეობა. მოცემული ახალი ინტეკონექტორის პროექტი მოიცავს აირუმში, სომხეთის ტერიტორიაზე თანამედროვე ქვესადგურის მშენებლობას მუდმივი დენის ჩანართით, რაც ორ ქვეყანას შორის ექსპორტის და იმპორტის მოცულობების ზრდის შესაძლებლობას იძლევა და ე.წ. „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ სატრანზიტო დერეფანში ძლიერ დამაკავშირებელ ენერგეტიკულ კვანძს ქმნის.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.