ახალი ამბები

2016-04-18 

ენერგეტიკული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კურსის წარმომადგენლების ვიზიტი სსე-ის ქვესადგურში

14 აპრილს, ნატოს ენერგოუსაფრთხოების ცენტრის, ამერიკის სამხედრო-საზღვაო აკადემიისა და სსსტც ,,დელტა“-ს მიერ ერთობლივად ორგანიზებული, ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კურსის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა  სამთავრობო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კუთვნილ ქვესადგურს  „დიდუბე-220“ ეწვივნენ.

სტუმრებმა დასვეს კითხვები საქართველოს მიერ  ენერგიის გენერაციისა და მოხმარების სტრუქტურის შესახებ, ასევე მომხმარებლის ინტერესების დასაცავად დარგის განვითარებასა და მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიით ვაჭრობის შესახებ. სსე-ის ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა  მიხეილ ზიბზიბაძემ მათ ამომწურავი პასუხები გასცა და კომპანიის მიღწევებსა და ბოლო წლებში განხორციელებულ ინსფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. სტუმრებმა მოინახულეს სსე-ის ქვესადგურის დახურული, 35 კვ-იანი ნაწილი და ღია გამანაწილებელი მოწყობილობა.

ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კურსის მსმენელებს ლექციები წაუკითხეს ამერიკის სამხედრო-საზღვაო უმაღლესი სკოლის, ნატოს ენერგოუსაფრთხოების ცენტრის, BP-ის, საქართველოში ამერიკის საელჩოს და ლიტვის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, თავდაცვის სამინისტროს,  საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განხილული იქნა ენერგოუსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორში განახლებადი ენერგიის ინტეგრაციის საკითხები.   საუბარი შეეხო  კრიტიკული ობიექტების კიბერ და ტერორისტული შეტევებისაგან ენერგოუსაფრთხოების გაზრდის შესაძლებლობებს.

ენერგეტიკული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კურსი 5 დღე გაგრძელდა და 15 აპრილს დასრულდა.

Visit of the Representatives of Energy Security Awareness Training Course at GSE Substation1Visit of the Representatives of Energy Security Awareness Training Course at GSE Substation2

კომუნიკაცია