2016-08-04
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ბაქოს ესტუმრა
29 ივლისს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაცია სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის დედაქალაქს ესტუმრა. ქ. ბაქოში ჩატარდა საქართველოს, აზერბაიჯანის და რუსეთის ენერგოსისტემის წარმომადგენლების სამმხრივი შეხვედრა. შეხვედრაზე განიხილეს სამ ქვეყანას შორის ელექტროენერგიის გადადინების რეგულირების მექანიზმები და ენერგეტიკული რგოლის „რუსეთი – აზერბაიჯანი -საქართველო – რუსეთი“ შექმნის ტექნიკური პირობები, რაც გულისხმობს სამი ქვეყნის ენერგოსისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობას და ავარიული სიტუაციების დროს ურთიერთდახმარების ახალ შესაძლებლობებს. ენერგეტიკული რგოლის შექმნა საშუალებას მისცემს სამივე ქვეყანას, გაზარდოს ენერგოსისტემის საიმედოობა და უსაფრთხოება და მინიმუმამდე დაიყვანოს სასისტემო შეშფოთებების გავლენა მომხმარებელზე.
მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, საქართველოს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“, აზერბაიჯანული კომპანიის „აზერენერჯი “ და რუსული კომპანიების „ინტერ რაო“, “ფსკ“, „როსსეტი“ წარმომადგენლებმა.
