2014-04-16
საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი ახალი 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზისა და სომხეთში მუდმივი დენის ჩანართის მშენებლობის პროექტი
2014 წლის 16 აპრილს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ და სომხეთის ენერგეტიკული კომპანიების – „სომხეთის ენერგოსისტემის ოპერატორისა“ და „მაღალი ძაბვის ელექტრო ქსელების“ ხელმძღვანელების მიერ ხელი მოეწერა ახალი სისტემათაშორისო გადამცემი ხაზის მშენებლობის დოკუმენტაციას. ხელშეკრულების თანახმად, 400 კვ ხაზის ნაცვლად აშენდება უფრო მძლავრი, 500 კვ გადამცემი ხაზი. სომხეთის მხრიდან ხაზზე დაყენებული იქნება ძვირადღირებული, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური მოწყობილობა – ორი, 350 მევაგავატის სიმძლავრის მუდმივი დენის ჩანართი, რომლის პირველი ნაწილის დამონტაჟება 2018 წლისთვისაა დაგეგმილი, ხოლო მეორე ნაწილის – 2022 წლისათვის, რაც კიდევ უფრო გაზრდის საქართველო-სომხეთს შორის ელექტროენერგიის გადადინების მოცულობასა და ენერგოუსაფრთხოების ხარისხს.

საქართველოს მხრიდან შესასრულებელი დარჩა 500 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზის დაახლოებით 40 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები. სომხურ მხარეს კი სამუშაოთა გაცილებით უფრო დიდი სეგმენტი აქვს განსახორციელებელი, რისთვისაც განზრახული აქვთ გერმანული ბანკის KfW-ს საკრედიტო რესურსებისა და საერთაშორისო კონსულტანტების მხარდაჭერის გამოყენება.
აღსანიშნავია, რომ სომხეთის მუდმივი დენის ჩანართები გახდება მეორე მსგავსი ტიპის მაღალტექნოლოგიური კვანძი კავკასიის მთელს რეგიონში. პირველი მსგავსი მოწყობილობა უკვე ფუნქციონირებს ახალციხის ქვესადგურში.

„საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი, ახალი გადამცემი ხაზის მშენებლობა მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ენერგოსისტემის გაძლიერებისთვის, ენერგოდამოუკიდებლობისა და მდგრადობისთვის. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს კოლეგებთან სომხეთის რესპუბლიკიდან და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ორივე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი წარმატებით დასრულდება“- განაცხადა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ.