2016-10-03
სსე-ის სასწავლო ცენტრში მორიგი სასისტემო ავარიული ვარჯიში ჩატარდა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” სასწავლო ცენტრში 2016-2017 სასწავლო წელი მორიგი სასისტემო ავარიული ვარჯიშის ჩატარებით დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დისპეტჩერებმა და მორიგე ოპერატიულმა პერსონალმა, ისე სს „თელასის“, ენერგო-პრო ჯორჯიას, შპს „გარდაბნის თბოსადგურის“, საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის, შ.პ.ს ენგურჰესის და სხვა ენერგეტიკული ორგანიზაციების თანამშრომლებმა. სწავლების პროცესში სსე-ის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის დისპეტჩერებმა და მორიგე-ოპერატიულმა პერსონალმა, სხვა ენერგეტიკული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მოახდინეს იმიტირებული სასისტემო ავარიის აღმოფხვრა (სისტემის ნულიდან აღდგენის პროცესი). აღნიშნული ვარჯიში “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” სასწავლო ცენტრში ტარდება ყოველკვარტალურად და ემსახურება ენერგეტიკული ორგანიზაციების პერსონალის კოორდინირებული მუშაობის უნარების დაუფლებას და სხვადასხვა ხარვეზების აღმოფხვრას. სასისტემო ავარიული ვარჯიშის ჩატარების მიზანს წარმოადგენს ქვეყნის ენერგეტიკული სტაბილურობისა და საიმედოობის გაზრდა.
