2014-12-09
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული საერთაშორისო სტანდარტის – ISO 9001:2008 სერტიფიკატი მოიპოვა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში ხარისხის მართვის სისტემა დაინერგა, რომელიც ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესების გაუმჯობესებას და ეფექტიანობის ამაღლებას ისახავს მიზნად. ISO 9001:2008 წარმოადგენს ერთ-ერთ პრესტიჟულ საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც მსოფლიოს ბევრ წამყვან ორგანიზაციაში წარმატებით არის დანერგილი.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში აუდიტორული სამუშაოები აუდიტისა და სერტიფიცირების საერთაშორისო კომპანია DQS-ის აუდიტორების (უკრაინის ოფისი) მიერ განხორციელდა. აუდიტის პირველი ეტაპი 2014 წლის მაისის თვეში დასრულდა, ხოლო აგვისტოს თვეში კომპანიამ წარმატებით გაიარა აუდიტის მეორე ეტაპი, რომელიც ISO 9001:2008 სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის მისაღებად განხორციელდა.
სტანდარტი ISO 9001:2008 მიმართულია იმისკენ, რომ სისტემურად განხორციელდეს ორგანიზაციის მართვა, ერთიან სივრცეში მოექცეს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი და შემუშავდეს ერთიანი ნორმები მათ სამართავად.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საქართველოში პირველი ენერგეტიკული ორგანიზაციაა, რომელმაც აღნიშნული სერტიფიკატი მოიპოვა.
ISO 9001:2008 სერტიფიკატით ჩვენი კომპანია დადგა იმ ორგანიზაციების გვერდით, რომლებსაც მსოფლიო ბაზარზე წამყვანი პოზიციები უჭირავთ.