2014-07-28
ავარია საქართველოს ენერგოსისტემაში
გუშინ, 27 ივლისს, 22:33 საათზე ავარიულად გაითიშა მაღალი ძაბვის 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“, რამაც გამოიწვია 220 კვ.იანი ელექტროგადამცემი ხაზების „კოლხიდა-2“ და „პალიასტომი-1“ გამორთვა. შედეგად, დედაქალაქს და ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს ორი საათის განმავლობაში შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. დაზიანების ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ და „საქრუსენერგოს“ ბრიგადები. მიმდინარეობდა ავარიის ლიკვიდაცია და დაზიანების მიზეზის დადგენა. მეზობელ სახელმწიფოებთან – თურქეთის და სომხეთის რესპუბლიკებთან წარმოებული მოლაპარაკების შედეგად განხორციელდა იმპორტი და ქვეყნის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება ორ საათში აღუდგა.
იმავე ღამეს აღმოიფხვრა დაზიანება გადამცემ ხაზზე “კოლხიდა-2″, ხოლო რამდენიმე საათის წინ, ენერგიის მოწოდება განახლდა ელექტროგადამცემი ხაზიდან “პალიასტომი-1″. ამ ეტაპზე ქვეყნის მოსახლეობას ელექტროენერგია შეუზღუდავად მიეწოდება.
ელექტროგადამცემ ხაზზე „იმერეთი-500“ აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც უახლოეს საათებში დასრულდება.