2016-06-14
სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტები სსე-ში
14 ივნისს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის პირველკურსელებისთვის ღია კარის დღე გამართა.

სტუდენტებმა თავდაპირველად სსე-ის სათავო ოფისში განთავსებული ცენტრალური სადისპეტჩერო დაათვალიერეს, გაეცნენ სადისპეტჩეროს ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ჩაუტარდათ მცირე ლექცია ზოგადად ენერგეტიკაზე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში.
ცენტრალური სადისპეტჩეროდან სტუდენტები სსე-ის სასწავლო ცენტრის პოლიგონს ეწვივნენ. პოლიგონის სამუშაო გარემო მაქსიმალურად არის მიახლოვებული იმ რეალურ გარემოსთან, სადაც ქვესადგურის პერსონალს უწევს მუშაობა. სტუდენტებმა უშუალო მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების სამუშაო პროცესში და სახანძრო უსაფრთხოების დაცვის პრაქტიკულ მეცადინეობაში.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მაქსიმალურად უწყობს ხელს მომავალ ენერგეტიკოსებს პროფესიულ განვითარებაში, სასწავლო ცენტრში ინტენსიურად ტარდება სასწავლო პროგრამები, რომლებიც შედგენილია საქართველოს ენერგოსისტემის თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით და საშუალებას აძლევს სტუდენტებს, მიიღონ სრულფასოვანი ცოდნა და პრაქტიკა.
