2016-03-24
სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის ვიზიტი ბრიუსელში
ბელგიის დედაქალაქში, ბრიუსელში, პროგრამა INOGATE-ის 20-წლიანი წარმატებული საქმიანობისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.
აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის სახელმწიფოების დელეგაციებთან ერთად, კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“, სს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ , სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ და სხვა ორგანიზაციები.
INOGATE არის პროგრამა, რომელიც 20 წლის განმავლობაში სხვადასხვა ინსტიტუციებს ეფექტური პოლიტიკისა და მექანიზმების დანერგვაში ეხმარებოდა. პროგრამა ენერგეტიკულ კომპანიებს უწევდა კვალიფიციურ კონსულტაციას, როგორ გაეზარდათ ეკონომიკური და განვითარების მაჩვენებლები კონკურენტუნარიან ენერგეტიკულ ბაზარზე.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ პროგრამა INOGATE-ის კონსულტაციით სსე-ში განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა. „მიხარია, რომ INOGATE-ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ შემუშავებული ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის შემუშავების და ქსელთან მიერთების წესების ფორმირების პროცესში. ჩვენი კომპანია აფასებს აღნიშნული პროექტების დაგეგმვის და განხორციელების სხვადასხვა ეტაპებზე მათ მიერ გაზიარებულ გამოცდილებას,“ – განაცხადა სულხან ზუმბურიძემ.
კონფერენციაზე შეჯამდა INOGATE-ის 20-წლიანი წარმატებული საქმიანობა, რითიც აღნიშნული პროგრამა დასრულდა.
