2014-11-19
“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ნომინაციის – „საუკეთესო IT გადაწყვეტილება ბიზნესისათვის“ გამარჯვებული გახდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, 6-7 ნოემბერს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ რიგით VII ყოველწლიური რეგიონული კონფერენცია გაიმართა, რომლის მთავარ თემას კიბერ-უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებები წარმოადგენდა. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის 400-მდე წარმომადგენელი და მათ შორის „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ დარეგისტრირდა. კონფერენციაზე განიხილეს კიბერ-უსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების საკითხები, წარმოადგინეს წლის განმავლობაში შემუშავებული ინოვაციური IT პროექტები და გაეცნენ აღნიშნული მიმართულებით ამა თუ იმ ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებს. GITI 2014-ის ოქროს სპონსორები იყვნენ Microsoft და HP. ვერცხლის სპონსორები კი Cisco, Orient Logic, მაგთიკომი და UGT.
ნომინაციაში „საუკეთესო IT გადაწყვეტილება ბიზნესისათვის“ გამარჯვებული “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ გახდა.
„კონფერენციაზე წარვადგინეთ კომპანიაში სკადას დანერგვის პროექტი. აღვწერეთ პროექტის მიმდინარეობა და მნიშვნელობა, განვითარების პროცესი და ის შედეგები, რომელიც პროექტის განხორციელების შედეგად მივიღეთ.“- აღნიშნა სსე-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების ქსელის მენეჯერმა, ბატონმა ზურაბ ბესელიამ.