2019-03-14
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლობა ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო. კონფერენცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ზურაბ გასიტაშვილმა გახსნეს.
სსე-ს ადამიანური რესურსებისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა მიხეილ ზიბზიბაძემ სტუდენტებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საქმიანობა და ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებაში კომპანიის როლი გააცნო. ასევე ისაუბრა სსე-ს სასწავლო ცენტრის შესახებ, სადაც ახალგაზრდა ინჟინრები ელექტროენერგეტიკის მიმართულებით სწავლება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსს გადიან, წარმატებული კურსდამთავრებულები კი კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში აგრძელებენ საქმიანობას.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აქტიურად მონაწილეობს ისეთ ღონისძიებებში, რომელთა მთავარი მიზანი საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და ახალ თაობაში ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციაა.