ზვიად გაჩეჩილაძე

დირექტორთა საბჭოს წევრი/დირექტორი საერთაშორისო ურთიერთობების, ბაზრის განვითარებისა და აღრიცხვის საკითხებში
ზვიად გაჩეჩილაძე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრად/დირექტორად საერთაშორისო ურთიერთობების, ბაზრის განვითარებისა და აღრიცხვის საკითხებში დაინიშნა 2025 წელს. 2022-2025 წლებში იყო სსე-ის დირექტორთა საბჭოს წევრი/დირექტორი ორგანიზებული ბაზრების განვითარების და ელექტროენერგიის აღრიცხვის საკითხებში.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მხრიდან ზვიადი არის საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და მწვანე ენერგიის კორიდორის კომპანიის (GECO) დირექტორთა საბჭოს წევრი.
2014-2022 წლებში მუშაობდა „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისია“-ში და სხვადასხვა წლებში იკავებდა ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობებს.
2013-2022 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციის (AYPEG) ტექნიკური მიმართულების ხელმძღვანელი, 2013-2014 წლებში - „დელოიტ ქონსალთინგი“-ს მრჩეველი ელექტროენერგიის ბაზრის განვითარების საკითხებში. ადრეულ წლებში მუშაობდა შპს „ჯიფაუერში“, „ენერჯი ინვესტში“, 2005-2006 წლებში იყო სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სადისპეტჩერო დაგეგმვის დეპარტამენტის ქსელის მუშაობის რეჟიმების ინჟინერი.
ზვიადს აქვს საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობისა და მათი მართვის მრავალწლიანი გამოცდილება. 2017-2022 წლებში იყო ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს წევრი სემეკიდან, 2021-2022 წლებში - ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის ელექტროენერგეტიკული ბაზრებისა და ეკონომიკური რეგულირების კომიტეტის არჩეული თავმჯდომარე; სხვადასხვა დროს მუშაობდა კონსულტანტად Horizon-ის მიერ დაფინანსებულ პროექტში, Optima Energy Consulting-ის კონსულტანტად, ევროპის მარეგულირებელთა საბჭოს CEER-ის ექსპერტად სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციის პროექტის ხელმძღვანელად, PMO Consulting-ის ექსპერტად, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის „აისეტი“ ექსპერტ/ტრენერად. იყო განახლებადი ენერგიების ექსპერტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებულ პროექტში; კონრად ადენაუერის ფონდისა და პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) საგრანტო პროექტის ხელმძღვანელ-მკვლევარი.
ზვიადს დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი. მინიჭებული აქვს მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი და არჩეულია საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად). ზვიადი ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ მუშაობას: იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მოწვეული ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მოწვეული ასისტენტ-პროფესორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. არის 50-ზე მეტი სერტიფიცირებული საერთაშორისო ტრენინგის კონფერენციის მონაწილე, სამეცნიერო სტატიებისა და მონოგრაფიების ავტორი.