CIGRE - საქართველოს ეროვნული კომიტეტი

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, საქართველოში CIGRE - საქართველოს ეროვნული კომიტეტი ჩამოყალიბდა, რომელიც არაკომერციული, არასამთავრობო, აპოლიტიკური გაერთიანებაა და წარმოადგენს საქართველოს დიდი ელექტროენერგეტიკული სისტემების საერთაშორისო საბჭოში (CIGRE).

CIGRE 1921 წელს, საფრანგეთში დაარსდა. დღეისათვის, მასში გაერთიანებულია 61 ეროვნული კომიტეტი და მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყნის 15 000-ზე მეტი წამყვანი მკვლევარი, აკადემიკოსი, ინჟინერი, ტექნიკოსი და მსხვილი მწარმოებელი.

CIGRE - საქართველოს ეროვნული კომიტეტი დაფუძნებულია ექსკლუზიურად საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიზნებისთვის, რათა ხელი შეუწყოს ტექნიკური ცოდნისა და მონაცემების გაზიარებას ელექტროენერგეტიკის წარმოების, გადაცემისა და განაწილების სფეროში. CIGRE - საქართველო არის პირველი ეროვნული კომიტეტი, რომელიც შეიქმნა რეგიონის მასშტაბით. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საქართველო უკვე გაწევრდა და აქტიურად ჩაერთო CIGRE-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ კომიტეტში (SEERC).CIGRE საქართველო ასევე უერთდება ახალგაზრდა ინჟინერთა ასოციაციას, სადაც საერთაშორისო მასშტაბით 40-მდე ქვეყანაა წარმოდგენილი.

ეროვნული კომიტეტი შედგება 65 ეკვივალენტური წევრისგან და მისი საქმიანობის ძირითადი მიზნებია:

  1. უზრუნველყოს ურთიერთკავშირი CIGRE-ს სათავო ოფისსა და CIGRE-საქართველოს წარმომადგენლობასთან; ხელი შეუწყოს დარგში არსებული მიღწევებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას;
  2. უზრუნველყოს საქართველოს წარმომადგენლების ჩართულობა CIGRE-ს 16 კვლევით კომიტეტსა და სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც იკვლევენ ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებულ აქტუალურ პრობლემებსა თუ გამოწვევებს;
  3. უზრუნველყოს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ენერგეტიკულ საკითხებზე კვლევების ჩატარება და შესაბამისი ეროვნული ნაშრომების წარდგენა ორგანიზაციის სხვადასხვა ღონისძიებაზე;
  4. CIGRE-ს კონფერენციების, სიმპოზიუმების, კოლოკვიუმების, კვლევითი კომიტეტებისა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრების ხელშეწყობა ან ორგანიზება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

CIGRE - საქართველოს წევრები შეიძლება იყვნენ ელექტროენერგეტიკის სფეროში მოქმედი ორგანიზაციები, კომპანიები, მწარმოებლები, უმაღლესი სასწავლებლები, პროფესორ/მეცნიერები და ექსპერტები, რომელებიც იხდიან შესაბამის საწევრო გადასახადს. გაწევრიანების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ CIGRE - საქართველოს ადმინისტრაციულ ასისტენტს ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: membership@cigregeorgia.ge.

CIGRE-საქართველოს ეროვნული კომიტეტის წარმომადგენლები:


გიორგი ამუზაშვილი

ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“
giorgi.amuzashvili@gse.com.ge


გიორგი არზიანი

ეროვნული კომიტეტის მდივანი
(დოქტორი, პროფესორი)
secretary@cigregeorgia.ge


ფიქრია ელიზარაშვილი

ეროვნული კომიტეტის ადმინისტრაციული ასისტენტი
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“
pikria.elizarashvili@gse.com.ge