ENTSO-E-სთან თანამშრომლობა
გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპულ ქსელსა (ENTSO-E) და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შორის ხელი მოეწერა ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ გრძელვადიან ხელშეკრულებას.
გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელი 36 ქვეყანაში მოქმედ 40 გადამცემი სისტემის ოპერატორს აერთიანებს. თურქეთის გადამცემი სისტემის ოპერატორი TEIAS, ორგანიზაციის დამკვირვებელი წევრის სტატუსით სარგებლობს 2016 წლიდან. ENTSO-E-ს მიზანს შიდა ენერგეტიკული ბაზრის ოპტიმალური და სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა წარმოადგენს, რაც საერთო პოლიტიკისა და მიმართულებების განსაზღვრით, გადამცემი ქსელის ოპერატორებს შორის ტექნიკური თანამშრომლობითა და გრძელვადიანი ქსელის წესების შემუშავების საშუალებით ხორციელდება.
2018 წელს, ENTSO-E-მ პოზიტიური შეფასება მისცა საქართველოს მიერ შიდა ენერგეტიკული ბაზრის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, განსაკუთრებით კი საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან მიერთების შესახებ ოქმის ხელმოწერას. 2019 წელს მასსა და სსე-ს შორის გაფორმდა ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ გრძელვადიანი ხელშეკრულება, რომლითაც ENTSO-E-მ სსე-ს შესთავაზა თანამშრომლობის სამწლიანი პროგრამა. აღნიშნული მიზნად ისახავდა არაწევრი გადამცემი სისტემის ოპერატორების ეტაპობრივ მომზადებას დამკვირვებელი წევრის სტატუსის მისაღებად. 2023 წელს ENTSO-E-ისა და სსე-ს შორის „გამჭვირვალობის პლატფორმისთვის მონაცემთა მიწოდების შესახებ ხელშეკრულებას“ მოეწერა ხელი, რომელიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს აუცილებელი ჩარჩოს შექმნა გამჭვირვალობის რეგულაციით გათვალისწინებული ვალდებულებების სათანადოდ შესასრულებლად.
სსე-ის მიერ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპულ ქსელთან გაფორმება ქვეყნის ენერგეტიკული მდგრადობისთვის მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯია. ENTSO-E-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, სსე-ს შესაძლებლობა ექნება, გააღრმავოს თანამშრომლობა ევროპის მასშტაბით მოქმედ გადამცემი სისტემის ოპერატორებთან. აღნიშნული კი გაზრდის ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას, ხელს შეუწყობს, როგორც პროფესიული და ინსტიტუციური შესაძლებლობების ზრდას, ასევე გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივას და ევროკავშირთან ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას.
