სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ევროპული კანონმდებლობის (მესამე ენერგეტიკული პაკეტის) მოთხოვნების შესაბამისად გადამცემი სისტემის ოპერატორად სერტიფიცირება
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით, განხორციელდა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გადამცემი სისტემის ოპერატორად წინასწარი სერტიფიცირება.
საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც ძალაში შევიდა 2019 წლის 27 დეკემბერს, სხვა საკითხებთან ერთად, განისაზღვრა გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების ვალდებულება. არსებითად სერტიფიცირება არის პროცედურა, რომელიც ადგენს გადამცემი სისტემის ოპერატორის შესაბამისობას დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნებთან (ევროპის მე-3 ენერგეტიკული პაკეტის კრიტერიუმების გათვალისწინებით). სერტიფიცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ახორციელებს ზედამხედველობას კანონით დადგენილ დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნებთან მათ მუდმივ შესაბამისობაზე.
კანონის თანახმად, გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოდელია ქონებრივი განცალკევება.
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სერტიფიცირებას წინ უძღვოდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 ნოემბერს N682 დადგენილებით დაამტკიცებული გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმის შესრულება.
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ წარდგენილი, სერტიფიცირების განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2021 წლის 4 მარტს გამოსცა გადაწყვეტილება „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორად წინასწარი სერტიფიცირების შესახებ.“ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე 2021 წლის 26 მარტს ენერგეტიკულმა გაერთიანებამ გამოხატა პოზიცია, რომლის თანახმად, ენერგეტიკული გაერთიანება თანახმაა მოხდეს სსე-ს როგორც გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირება განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. აღნიშნულის საფუძველზე, 2021 წლის პირველი აპრილის N14/3 გადაწყვეტილებით, კომისიამ დააკმაყოფილა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მოთხოვნა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად გადამცემი სისტემის ოპერატორად სერტიფიცირების შესახებ, იმ პირობით, რომ 2021 წლის 31 დეკემბრამდე შესრულდებოდა განცალკევების გეგმის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის გამო 2022 წლის იანვარში კომისიამ დაიწყო სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ხელახალი სერტიფიცირების პროცედურა და საბოლოოდ,2022 წლის 7 ივლისის N28/3 გადაწყვეტილებით კომისიამ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რომლითაც სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ უარი ეთქვა სერტიფიცირებაზე.
2024 წელს განცალკევების მოთხოვნების შესასრულებლად შემუშავდა სსიპ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილების პროექტები, რომელიც მიმდინარე წელს მიღებულ იქნა პარლამენტის მიერ. აღნიშნული ცვლილებებით შესაძლებელია ენერგეტიკული საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოების მართვის უფლებების იმგვარი გადანაწილება, რომ ერთი სახელმწიფო ორგანოს მართვაში ერთდროულად არ აღმოჩნდეს ერთი მხრივ, ელექტროენერგიის გადაცემის/განაწილების და მეორე მხრივ, წარმოების/მიწოდების/ვაჭრობის საქმიანობის განმახორციელებელი ელექტროენერგეტიკული საწარმოები.
