მეზობელი ქვეყნების გადამცემი სისტემის ოპერატორებთან თანამშრომლობა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აქტიურად თანამშრომლობს მეზობელი სახელმწიფოების - სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის რესპუბლიკებისა და რუსეთის ფედერაციის გადამცემი სისტემის ოპერატორებთან, რომლებთანაც გაფორმებულია ოპერირებისა და სხვა ტექნიკური ხასიათის ხელშეკრულებები.

აზერბაიჯანისა და საქართველოს ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ენერგეტიკული ბაზრების შემდგომი შესაძლებლობების გაზრდის მიზნით სსე-სა და აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია „აზერენერჯის“ შორის გაფორმებულია სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება.

სსე-ს, სომხეთის მაღალი ძაბვის ელექტროქსელებს (HVEN) და სომხეთის ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორს (EPSO) შორის, მიმდინარეობს თანამშრომლობა 500 კვ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის „მარნეული-აირუმი“ მშენებლობის ხელშეკრულების ფარგლებში, სომხეთ-საქართველოს ახალი ინტერკონექტორის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც გააძლიერებს ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობას საქართველოსა და სომხეთს შორის.

სსე მჭიდროდ თანამშრომლობს თურქეთის ელექტროენერგიის გადამცემ კორპორაცია TEİAŞ-თან, რომელთან ერთადაც იგეგმება ახალი 400 კვ ტრანსსასაზღვრო გადამცემი ხაზის „ახალციხე-თორთუმი“ და მუდმივი დენის ჩანართის მშენებლობის დაწყება. მშენებლობის დასრულების შემდეგ, აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზი გახდება ორი ქვეყნის დამაკავშირებელი, თანამედროვე სტანდარტების რიგით მეორე ელექტროგადამცემი ხაზი და გაზრდის ტრანსსასაზღვრო გამტარუნარიანობის მოცულობას.