უცხოურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უცხოურ ორგანიზაციასა და გაერთიანებასთან. კერძოდ, სსე-მ 2024 წელს თანამშრომლობა დაიწყო ბელგრადში დაფუძნებულ უსაფრთხოების საკოორდინაციო ცენტრთან (SCC), რომელიც გადამცემი სისტემის ოპერატორებს მხარს უჭერს გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპულ გაერთიანებასთან (ENTSO-E) ურთიერთობის გაღრმავებასა და დაახლოებაში. გარდა ამისა, საკოორდინაციო ცენტრი აუმჯობესებს გადამცემი სისტემის ოპერატორების კოორდინაციის ხარისხს, უზრუნველყოფს რეალურ დროში ოპერაციულ დაგეგმვას, ასევე, ხელს უწყობს ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერაციულ უსაფრთხოებას, ამცირებს რისკებს და, მათი რეალიზაციის შემთხვევაში, ამსუბუქებს ზიანს. საკოორდინაციო ცენტრის მომსახურებით სარგებლობენ: სერბეთის რესპუბლიკის, მონტენეგროს, ბოსნია და ჰერცოგოვინას, ჩრდილოეთ მაკედონიის და ალბანეთის გადამცემი სისტემის ოპერატორები, ასევე თურქეთის გადამცემი სისტემის ოპერატორი TEİAŞ, რომელთანაც საქართველოს ელექტროენერგეტიკული ქსელია დაკავშირებული.
2023 წლიდან სსე აქტიურად თანამშრომლობს ევროპის წარმოშობის სერტიფიკატების გამცემ ორგანოთა ასოციაცია AIB HUB-თან. 2024 წელს სსე გახდა ასოციაციის დამკვირვებელი წევრი და მიეცა შესაძლებლობა, გაეცნოს AIB HUB-ის მუშაობის სპეციფიკას და მიიღოს ინფორმაცია წარმოშობის სერტიფიკატებით ევროპის მასშტაბით ვაჭრობის შესახებ. დამკვირვებლის სტატუსის ფარგლებში, სსე-ს გამოცდილებას სისტემატიურად უზიარებენ AIB HUB-ის წევრები - ევროპის სერტიფიკატების გამცემი ორგანოები და ჰაბის ექსპერტები. სსე-ს, როგორც ჰაბის დამკვირვებელ წევრს, აქვს უფლება, დაესწროს ასოციაციის გენერალურ სხდომებსა და სქემის ჯგუფის კრებებს, ასევე, აქვს წვდომა AIB HUB-ის პლატფორმის გარკვეულ განყოფილებებზე.
სამომავლო თანამშრომლობის ინტერესის გამოსახატად, 2025 წელს, სსე-მ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა თურქეთის ელექტროენერგიის გადამცემ კორპორაცია TEİAŞ-სა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში კოორდინირებულ აუქციონის ოფის SEE CAO-სთან. მემორანდუმის ფარგლებში განისაზღვრა სსე-ს, TEİAŞ-სა და SEE CAO-ს შორის სამომავლო თანამშრომლობა საქართველოს, თურქეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის მათ საზღვრებზე ინტერკონექციის გამტარუნარიანობის კოორდინირებულ განაწილებასთან დაკავშირებით.
SEE CAO წარმოადგენს მონტენეგროში დაფუძნებულ, ტრანსსასაზღვრო გამტარუნარიანობის განაწილების ცენტრალიზებულ პლატფორმას, რომელიც უზრუნველყოფს ერთობლივი აუქციონებით ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის განაწილებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის. პლატფორმით სარგებლობენ ხორვატიის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, მონტენეგროს, ალბანეთის, კოსოვოს, საბერძნეთის, თურქეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის და იტალიის ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორები.
2025 წლიდან სსე, ასევე თანამშრომლობს ბელგიაში დაფუძნებულ საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია Elia Grid International SA/NV-თან (EGI). თანამშრომლობის ფარგლების დასადგენად, სსე-სა და EGI-ის შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებას და საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერებას.
EGI გამოხატავს მზადყოფნას, კონსულტაცია გაუწიოს სსე-ს ელექტროენერგიის გადაცემის სისტემის საიმედოობის საკითხებში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას და ქსელში გენერაციის ახალი ობიექტების ინტეგრირებას.
EGI-ის საქმიანობის ძირითადი სფერო ენერგეტიკაა და ამ მიმართულებით პროექტებს მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს. EGI-ისთან თანამშრომლობა, გრძელვადიან პერსპექტივაში, გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის როლს.
