2018-11-15
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაცია CIGRE-ს ტექნიკური კომიტეტის შეხვედრას დაესწრო
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაციამ, ელექტროენერგეტიკული სისტემების საერთაშორისო საბჭოს (CIGRE) სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რეგიონული გაერთიანების ტექნიკური კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქალაქ ვენაში, ავსტრიის გადამცემი სისტემის ოპერატორის ოფისში გაიმართა.
შეხვედრაზე განხილული იქნა ელექტროენერგეტიკის დარგის ისეთი გამოწვევები, როგორებიცაა: რეაქტიული სიმძლავრის მართვა, განახლებადი ენერგიის ქსელში ინტეგრაცია, ქვეყნებში გაზრდილი მოხმარების ტემპები და მათი დაბალანსების საშუალებები. საკითხების სიღრმისეული შესწავლისთვის, ტექნიკურმა კომიტეტმა დაგეგმა რეგიონული ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელშიც ევროპელ ინჟინრებთან და მეცნიერებთან ერთად ქართველი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.
ელექტრული სისტემების საერთაშორისო საბჭო არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1921 წელს, საფრანგეთში დაარსდა და აერთიანებს მსოფლიოს მასშტაბით, ელექტროენერგეტიკის დარგში მოღვაწე გადამცემი სისტემის ოპერატორებს, მწარმოებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტებსა და სადისტრიბუციო კომპანიებს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ CIGRE-ს ოფიციალური წევრია, რაც CIGRE-ს მკვლევართა ჯგუფებში ქართველი ინჟინრებისა და ექსპერტების ელექტროენერგეტიკულ სექტორში ყველაზე აქტუალური საკითხების შესწავლაში მონაწილეობას გულისხმობს.