2019-06-18
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ და მსოფლიო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ უჩა უჩანეიშვილმა და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა მერსი ტემბონმა 62 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. სესხი „ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის“ ფარგლებში გამოიყო.
პროექტი მიზნად ისახავს ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერებას, კერძოდ კი ჯვარი-წყალტუბოს დამაკავშირებელი 500კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზისა და წყალტუბოს 500კვ ქვესადგურის მშენებლობას. პროექტი ასევე გულისხმობს სსე-ს ფინანსურ გაჯანსაღებას და კაპიტალის ბაზრებთან წვდომის უზრუნველსაყოფად მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს. პროექტის განხორციელებით, შეიკვრება ძლიერი ენერგეტიკული კვანძი, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნის ენერგოსტაბილურობასა და მდგრადობას.“ - აღნიშნა სსე-ს მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ უჩა უჩანეიშვილმა.
პროექტის განხორციელება აქტიურ ფაზაში 2020 წელს შევა, ხოლო სამუშაოების დასრულება 2022 წელს იგეგმება.