2018-02-26
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" დელეგაციის ვიზიტი მოლდოვაში
ა.წ. 22 თებერვლიდან 24 თებერვლის ჩათვლით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაცია, მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის სულხან ზუმბურიძის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით მოლდოვას ესტუმრა. ვიზიტი მოლდოვის სისტემური ოპერატორის „მოლდელექტრიკა“-ს მიწვევით, ქალაქ კიშინოვში მიმდინარეობდა. ქართულ დელეგაციას „მოლდელექტრიკა“-ს გენერალურმა დირექტორმა გენადი დიმოვმა და გენერალური დირექტორის მოადგილემ/მთავარმა დისპეტჩერმა ვიაჩესლავ ზასტავნეცკიმ უმასპინძლეს.
ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მოლდოვას ენერგოსისტემების ექსპლუატაციისა და გადამცემი ქსელების ENTSOE-სთან (ევროპული ელექტროგადამცემი ქსელების ოპერატორების გაერთიანება) სინქრონიზაციის შესაძლებლობები. ასევე გაიმართა მხარეთა დიალოგი ორი ქვეყნის სამართლებლივი რეგულირების, ენერგეტიკული ბაზრების და ენერგოსისტემების ფუნქციონირების Energy Community-ს მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის პრობლემატიკაზე.
„საქართველოსა და მოლდოვას ენერგოსისტემებს მსგავსი გამოწვევები და ENTSOE-სთან და ენერგეტიკული გაერთიანების (EnC) სტანდარტებთან დაახლოების ერთნაირი მიზნები აქვთ, ამიტომ სისტემურ ოპერატორებს შორის გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნა სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ.