ახალი ამბები

2018-01-23 

საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ინსტიტუციონალური თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, 23 იანვარს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ, საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის გაფორმებულ მემორანდუმს და ორმხრივ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. მემორანდუმის მხარეები იყვნენ: NVE (ნორვეგიული მხარე), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო.

მემორანდუმის თანახმად, ნორვეგიის სამეფო საქართველოს ფინანსურ დახმარებას გაუწევს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების ხელშეწყობის, ნორმატიული ბაზის შემუშავებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მიმართულებით. ამ მიზნით, ნორვეგიის სამეფომ გამოყო 30,833,668 ნორვეგიური კრონის ოდენობის გრანტი (3,9 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტი), რომელსაც საქართველო 4 წლის განმავლობაში მიიღებს. აღნიშნული გრანტით, ნორვეგიის ქალაქ ტრონდჰეიმის ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები გაივლიან სამაგისტრო პროგრამას ჰიდროინჟინერიაში.

ორმხრივი ხელშეკრულება ითვალისწინებს ხუთი მოკლევადიანი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსის ჩატარებას სსე-ს თანამშრომლებისთვის, ჰიდროგენერაციის განვითარების, კაშხალის უსაფრთხოებისა და რისკების მართვის, სოციალური ზემოქმედების შეფასების პროცესის ხელშეწყობისა და მცირე ჰიდრორესურსების მართვის მიმართულებით. გარდა ამისა, ხელშეკრულების ფარგლებში შემუშავდება ელექტროენერგეტიკული ბაზრის განვითარების გზამკვლევი და განხორციელდება საქართველო-თურქეთის ენერგეტიკული ბაზრების ინტეგრირების კვლევა.

26952408_821569544696590_3160119219806130097_.jpg26952001_821569641363247_6238293640805441590_.jpg26910943_821569541363257_7678647461397118722_.jpg26757931_821569538029924_5276694344538625898_.jpg

კომუნიკაცია