2018-02-28
შეხვედრა „შავი ზღვის რეგიონული გადაცემის დაგეგმვის პროექტის“ ფარგლებში
ა.წ. 28 თებერვალს, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" წარმომადგენლობამ „შავი ზღვის რეგიონული გადაცემის დაგეგმვის პროექტის“( BSTP) და „შავი ზღვის რეგულატორების ინიციატივის პროექტის“ (BSRI) გაერთიანებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, ამერიკული ენერგეტიკული ასოციაციის USEA-ს და USAID-ის მხარდაჭერით გაიმართა და მასში საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, მოლდოვას, სომხეთის, უკრაინისა და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორი და რეგულატორი კომპანიები მონაწილეობდენ. შეხვედრაზე განხილული იქნა ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობისა და სიმძლავრის რეზერვების მიმოცვლის საკითხები.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ. „USEA-ს და USAID-ს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან“ ხანგრძლივი და წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ. მათი დახმარებით, კომპანიამ შეიძინა ენერგოსისტემის დაგეგმვის მსოფლიოში ცნობილი პროგრამები. საქართველოს ენერგოსისტემაში ახალი ჰესების ინტეგრაციის გათვალისწინებით, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანებისგან აღებული იქნა მთელი რიგი ვალდებულებები, მათ შორის ბაზრის ლიბერალიზაციის შესახებ. აღნიშნული ვალდებულებების წარმატებით შესრულებისა და ელექტროენერგიით სისტემათაშორისი ვაჭრობის პოტენციალის გამოყენებისათვის, მხოლოდ შიდა რესურსები საკმარისი არ არის და უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი დასავლელი პარტნიორების, მათ შორის USEA-ის და USAID-ის, დახმარებას, რომლებიც თავიანთ ევროპულ გამოცდილებას გვიზიარებენ,“ - აღნიშნა სულხან ზუმბურიძემ.