2024-03-25
სამუშაო შეხვედრა ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის საკითხებზე
USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებმა ქ. ერევანში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოსა და სომხეთს შორის ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის საკითხების განხილვა.
საქართველოს მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: USAID-ის საქართველოს წარმომადგენლები, ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები. სომხეთის მხრიდან დამსწრეთა შორის იყვნენ: სომხეთის USAID-ის მიერ დაფინანსებული უსაფრთხო ენერგეტიკული აქტივობის, საჯარო მომსახურების მარეგულირებელი კომისიის, ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორის, ბაზრის ოპერატორის, მაღალი ძაბვის ელექტროქსელების და ერევნის თბოელექტროსადგურის წარმომადგენლები.
მხარეებმა განიხილეს მეზობელ ქვეყნებს შორის ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობისა და საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოების ჰარმონიზაციის საკითხები. ხაზი გაესვა დამატებითი ენერგოგადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობის მნიშვნელობას, რაც კიდევ უფრო გაზრდის ელექტროენერგიის გადადინების მოცულობასა და ენერგოუსაფრთხოების ხარისხს. ასევე, დაისახა სამომავლო გეგმები, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ორ მეზობელ ქვეყანას შორის ენერგეტიკულ თანამშრომლობას.