2018-08-17
ახალი მოწყობილობების ტესტირება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ ABB Switzerland-ის წარმომადგენლებთან ერთად
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, დასრულდა კომპანია ABB Switzerland-ის წარმომადგენლების ორდღიანი ვიზიტი.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, კომპანია ABB-ის სპეციალისტებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია ახალი ტექნოლოგიების, მათი ტექნიკური მახასიათებლებისა და ციფრული ქვესადგურების რენტაბელურობის შესახებ.
ვიზიტის მეორე დღეს, სსე-ის პროგრამირების და ელექტროენერგიის აღრიცხვის ლაბორატორიაში ჩატარდა დენის და ძაბვის ანალოგურ-ციფრული გარდამსახი მოწყობილობების პრეზენტაცია, რომლებიც დამონტაჟებულია კომპანია ABB-ის პორტატულ სტენდზე და, პრაქტიკული ტესტირების ჩასატარებლად, დროებით სარგებლობაშია გადმოცემული სსე-ს აღრიცხვის ლაბორატორიაში. პრეზენტაციის დროს ტესტირება წარმატებით ჩატარდა და განხორციელდა გარდამსახი მოწყობილობების დაკავშირება კომპანია Prosoft-Systems -ის მიერ წარმოებულ ციფრულ მრიცხველთან, რომელიც ასევე ტესტირებისთვისაა გადმოცემული სსე-ს ლაბორატორიაში.
ახალი ტექნოლოგიების დანერგვა სსე-სთვის უცვლელი პრიორიტეტია. კომპანია მუდმივად ახორციელებს მსგავსი მოწყობილობების მოძიებას, ტესტირებას და, წარმატებული შედეგის შემთხვევაში, ზრუნავს მათ დანერგვაზე მის საკუთრებაში არსებულ ქვესადგურებსა და გადამცემ ხაზებზე.
