2018-12-10
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლობის ვიზიტი სომხეთში
საქართველო-სომხეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურების მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაცია, მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის დავით თვალაბეიშვილის ხელმძღვანელობით, სომხეთს ეწვია.
სამუშაო შეხვედრებს ესწრებოდნენ: სომხეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურებისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მაღალი რანგის პირები, სომხეთის ენერგეტიკული კომპანიებისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები საქართველოსა და სომხეთში.
ვიზიტის მიზანს საქართველოსა და სომხეთში ელექტროენერგიის ბაზრების დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში მიმდინარე საკითხების განხილვა წარმოადგენდა. საუბარი შეეხო თავისუფალი ბაზრების ფორმირების სირთულეებს, მათ შემდგომ განვითარებას და ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის პრინციპებს. ასევე, მხარეებმა განიხილეს საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „ლალვარი“ აღდგენისა და მისი პოტენციალის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები და საქართველოსა და სომხეთს შორის ახალი ინტერკონექციის მშენებლობის პროექტის დეტალები.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოზე და მისი მხრიდან გაწეულ მხარდაჭერაზე, რომელთანაც ორივე ქვეყანას ხანგრძლივი და წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს.
საქართველო-სომხეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.