2018-12-06
ზესტაფონის ქვესადგურში სარეზერვო ავტოტრანსფორმატორი დამონტაჟდა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ წარმატებით დაასრულა 220კვ-იანი, სარეზერვო ავტოტრანსფორმატორის მონტაჟის სამუშაოები ქვესადგურში „ზესტაფონი-500“.
დიდი გაბარიტების გამო, ავტოტრანსფორმატორის ტრანსპორტირებისა და მონტაჟის სამუშაოები გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რაც სსე-ს ტრანსფორმატორების სარემონტო სამსახურის თანამშრომლებმა საკუთარი რესურსით, თავდაუზოგავი შრომის შედეგად დაძლიეს. ავტოტრანსფორმატორი განთავსდა რელსებზე, გორგოლაჭებით, მოქმედი ავტოტრანსფორმატორის მახლობლად, რაც შესაძლებელს გახდის, საჭიროების შემთხვევაში, მისი ექსპლოატაციაში შეყვანა, დემონტაჟი-მონტაჟის გარეშე, უმოკლეს ვადაში (მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში) განხორციელდეს. ამით მნიშვნელოვნად დაიზოგება როგორც დროითი, ასევე ადამიანური რესურსი, რადგან ანალოგიურ სამუშაოების შესრულებას, ჩვეულებრივ, 30-40 დღე ესაჭიროება.
პროექტის განხორციელების შედეგად, ქვესადგურში „ზესტაფონი-500“ შეიქმნა ტრანსფორმატორის რეზერვი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის და აამაღლებს ქსელის საიმედოობას და ხელს შეუწყობს მომხმარებელთა უწყვეტ და სტაბილურ ელექტრომომარაგებას.