2019-10-04
SCADA-ს განახლების პროექტის ფარგლებში საქარხნო ტესტირება ჩატარდა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებმა ავსტრიაში, ქალაქ ვენაში, SCADA-ს განახლების პროექტის ფარგლებში ჩატარებულ საქარხნო ტესტირებაში მიიღეს მონაწილეობა, რომლის მიზანს განახლებული SCADA-ს სისტემის მოდულების ფუნქციონალის შემოწმება წარმოადგენდა.
ტესტირებაში სსე-ის დისპეტჩერიზაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების გარდა, საკონსულტაციო კომპანია PWC-ის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ტესტირება ჩატარდა SCADA/EMS-ის 16 კომპონენტზე და მოიცავდა 613 ტესტს. შედეგად, გაიწერა სამუშაოების დეტალური განრიგი და სისტემის კონფიგურაციის სამუშაოები.
SCADA-ს განახლების პროექტი მონაცემთა შეგროვებას, დამუშავებას, დისტანციური მართვის პროცესების დახვეწას და ამ მიმართულებით განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე გადასვლას ითვალისწინებს. პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვესადგურებიდან შემოსული მონაცემების გაზომვის, მონიტორინგისა და დისტანციური მართვის თვალსაზრისით, რადგან განახლებული პროგრამა უზრუნველყოფს მეტი მოცულობის ინფორმაციის მიმოცვლას და ეფექტურ დისპეტჩირებას.
პროექტი „ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი დასრულება 2020 წელს არის დაგეგმილი.