2019-06-13
შეხვედრა ევროკავშირის გრძელვადიანი მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში
სსე-ს სათავო ოფისში პროექტის „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მხარდაჭერა ენერგეტიკულ სექტორში მოქმედი რეგულაციების დანერგვაში“ საზედამხედველო კომიტეტის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან ევროკავშირის მისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლები. კომიტეტის შექმნის მიზანია, მხარი დაუჭიროს და ზედამხედველობა გაუწიოს პროექტის მიმდინარეობას.
პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მის მთავარ მიზანს საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის რეფორმისა და ელექტროენერგეტიკის სფეროს ოთხი ძირითადი მიმართულების განვითარება წარმოადგენს. კერძოდ, პროექტი გულისხმობს ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების სამართლებრივი და სამოქმედო ჩარჩოს შექმნას, ქვედა დონის მარეგულირებელი ნორმატიული სივრცის განვითარებას, გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის ევროპულ ნიმუშებზე დაყრდნობით სტანდარტული და ტიპური ხელშეკრულებების შემუშავებას და ენერგეტიკის სფეროში გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპულ ქსელთან (ENTSO–E) თანამშრომლობის გაღრმავებას და მისი შესატყვისი სტანდარტების დანერგვას საქართველოს ენერგეტიკაში.
პროექტს კომპანიათა კონსორციუმი Elia Grid International და LDK consultants ახორციელებს და მისი დასრულება 2020 წელს იგეგმება.


