ახალი ამბები

2019-02-08 

საქართველოსა და თურქეთის ელექტროენერგეტიკული სექტორების წარმომადგენლობითი დელეგაციების შეხვედრა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე დავით თვალაბეიშვილი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით გამართულ, საქართველოსა და თურქეთის ელექტროენერგეტიკული სექტორების დელეგაციების მაღალი რანგის სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა. თურქეთის მხრიდან შეხვედრას უძღვებოდა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე აბდულახ ტანჯანი. შეხვედრის მსვლელობისას პოზიცია დააფიქსირეს ესკო-ს, თურქეთის ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (EPIAS), თურქეთის გადამცემი სისტემის ოპერატორისა (TEIAS) და თურქეთის ელექტროენერგიის წარმოების კორპორაციის (EUAS) უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა.

მოლაპარაკებები ატარებდა კომპლექსურ ხასიათს და შეეხო ორ ქვეყანას შორის, ელექტროენერგეტიკის სფეროში არსებულ თითქმის ყველა მნიშვნელოვან თემას. ხაზგასმით აღინიშნა პროგრესი თურქეთის მხარის წინაშე არსებული ძველი ელექტროენერგეტიკული დავალიანების დაბრუნების მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებაზე, როგორც უახლოეს, ისე საშუალოვადიან პერსპექტივაში. კერძოდ, განხილულ იქნა საკითხი, 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის საექსპორტო სეზონის პერიოდში, საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი, 400 კვ-იანი ინტერკონექციის გამტარუნარიანობის ზღვარის (NTC/ATC) გაზრდის თაობაზე, რაც მეტ შესაძლებლობას მისცემს საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტით დაინტერესებულ პირებს.

განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა საქართველო-თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი, ახალი, 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ტორტუმი“-ს პროექტის რეალიზაციას. „ახალციხე-ტორტუმი“-ს 400 კვ-იანი ხაზის მშენებლობა არსებითად გააძლიერებს საქართველოს ელექტროენერგეტიკულ ინტერკონექციას თურქეთის ენერგოსისტემასთან (და ასევე ევროპის ერთიან სინქრონულ ზონასთან - ENTSO-E), ასევე განაპირობებს საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობების გაფართოებას, რაც პოზიტიური სიგნალი იქნება შესაბამისი სექტორის ინვესტორებისთვის.

turkey-meeting-8.02-19-photo1-resize.jpgrsz_turkey1234.jpg

კომუნიკაცია