2019-07-04
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ეგიდით გამართულ შეხვედრაზე
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლობამ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ეგიდით გამართულ, ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების განმტკიცების საკოორდინაციო ჯგუფის რიგით მეექვსე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირის კანონმდებლობლობაში მიმდინარე, განხორციელებული და სამომავლო ცვლილებები ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების მარეგულირებელი კანონმდებლობის შექმნის პროცესზე და აღნიშნული კუთხით არსებულ გამოწვევებზე. კერძოდ, განხილული იქნა ელექტროენერგეტიკული უსაფრთხოების რისკებისა და საგანგებო სიტუაციების გამოვლენისა და შეფასების მეთოდოლოგია.
თავიანთ პრეზენტაციაში, სსე-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებული მთლიანი გენერაციის, მოხმარების, ექსპორტის და იმპორტის შესახებ, 2018-2019 წლების მიხედვით. ასევე წარადგინეს სტატისტიკური მონაცემები ჰიდროელექტროსადგურების, ქარის და თბოელექტროსადგურების წილის შესახებ მთლიან გენერაციაში.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც საქართველომ ევროპასთან ინტეგრაციის და ენერგეტიკული სექტორის განვითარების პროცესში გადადგა, იყო საქართველოს მიერთება ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან. 2016 წლის 14 ოქტომბერს, სარაევოში, ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს 14-ე შეხვედრაზე, ერთხმად დამტკიცდა ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთება.