2019-12-09
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ესტონეთს ეწვია
ესტონეთის გადამცემი სისტემის ოპერატორის „ელერინგის“ სათავო ოფისში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, მხარეებმა ერთმანეთს წარუდგინეს პრეზენტაციები საქართველოსა და ესტონეთის ელექტროგადამცემი ქსელების ამჟამინდელი მდგომარეობის, მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
ვიზიტის ძირითად მიზანს წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ზოგადი სპეციფიკის განხილვა და ამ მიმართულებით ესტონური მხარისგან საჭირო ინფორმაციის მიღება წარმოადგენდა. ესტონეთის გადამცემი სისტემის ოპერატორს წარმატებით აქვს განხორციელებული წყალქვეშა გადამცემი ხაზის პროექტი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ესტონეთსა და ფინეთს და უზრუნველყოფს ელექტროენერგიის უსაფრთხო მიწოდებას ორ ქვეყანას შორის. შესაძლოა, საქართველო ევროპულ ენერგოქსელს შავ ზღვაზე გამავალი წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზით დაუკავშირდეს. შესაბამისად, მსგავსი პროექტების წარმატებით განხორციელების პირადი მაგალითი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ მნიშვნელოვანი გამოცდილებაა.