2020-07-07
შეხვედრა ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაზე პრეზენტაციით წარსდგა. შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები და ენერგოკომპანიების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ და მის მიზანს საქართველოს ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმის განხილვა, სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებს შორის ინფორმაციის მიმოცვლა და ერთობლივი, სტრატეგიული ნაბიჯების დაგეგმვა წარმოადგენდა.
უჩა უჩანეიშვილმა თავის პრეზენტაციაში ისაუბრა საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სარეგისტრაციო და საკვალიფიკაციო პროცედურების, შესყიდვისა და ფინანსური ანგარიშსწორების პერიოდების შესახებ. ყურადღება გაამახვილა ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების საკითხზე და მის მნიშვნელობაზე ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის საიმედო და უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის.
ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმა ევროკავშირის სტანდარტების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით, ღია კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებას, ენერგოუსაფრთხოებას, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას და საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებას გულისხმობს.