2020-06-29
შეხვედრა ელექტროენერგეტიკული საბალანსო ბაზრის პროექტის ფარგლებში
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ენერგეტიკის კომიტეტის მიერ გამართულ შეხვედრაზე, რომლის მთავარ მიზანს ელექტროენერგიის ბაზრის წესების პროექტისა და მოწყობის პრინციპების განხილვა წარმოადგენდა, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი პრეზენტაციით წარსდგა. შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის, „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისა" და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ხელმძღვანელი პირები.
უჩა უჩანეიშვილმა პრეზენტაციაში ისაუბრა ელექტროენერგეტიკული საბალანსო ბაზრის მთავარ ამოცანებსა და თანამედროვე ენერგეტიკული ბაზრის პირობებში საქართველოს ელექტროგენერაციის სარგებელის მაქსიმალურ ზრდაზე. მისი თქმით, ენერგეტიკულ ბაზრებზე სამართლიანი ფასების მიღწევა განაპირობებს დროის ნებისმიერ მონაკვეთში უბალანსობის აღმოფხვრას მაქსიმალურად სამართლიანი და ოპტიმალური ფასით, ხოლო კონკურენცია საბალანსო მომსახურების მომწოდებელ სუბიექტებს შორის განაპირობებს ფასის შემცირებას. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველმა აღნიშნა, რომ ელექტროენერგეტიკული საბალანსო ბაზრის დანერგვის შედეგად, გაიზრდება საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ენერგეტიკული პოტენციალი, გაჩნდება მეზობელ ქვეყნებთან ბაზრის ინტეგრაციისა და ლიკვიდურობის ზრდის ახალი შესაძლებლობები, გაუმჯობესდება საინვესტიციო გარემო, რაც ხელს შეუწყობს მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას ენერგეტიკის სფეროში.
ელექტროენერგიის საბითუმო ორგანიზებული ბაზრები 2021 წლიდან ამოქმედდება და დღით ადრე, საათობრივი ბაზრისა და საბალანსო მექანიზმის დანერგვას ითვალისწინებს.