2020-01-31
შეხვედრები ენერგეტიკული ბაზრების დანერგვის პროექტის ფარგლებში
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, დღით ადრე და საბალანსო ბაზრების დანერგვის პროექტის ფარგლებში, საკონსულტაციო კომპანიების (Nord Pool Consulting AS, BlueBerries, Omnia და SIEMENS) ექსპერტების, სსე-ის თანამშრომლებისა და „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ წარმომადგენლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
სამუშაო შეხვედრაზე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლები დეტალურად გაეცნენ „ბაზრის მართვის სისტემის“ (MMS) პროგრამის ფუნქციებს. განიხილეს ენერგეტიკული ბაზრის კონცეფცია, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს ახლად ამოქმედებული კანონის რეგულირების სფერო, პროექტის სამოქმედო გეგმა და ფინანსური ანგარიშსწორების ერთიანი სისტემის დანერგვის შესაძლებლობები. შეხვედრები დისკუსიის ფორმატში წარიმართა.
ენერგეტიკული ბაზრის პროექტის საშუალებით, შესაძლებელი იქნება მეტი ინვესტიციის მოზიდვა ენერგეტიკის დარგში, ელექტროენერგიის ფასების ფორმირების პროცესი გახდება უფრო გამჭვირვალე, დაინერგება ევროპული მოდელი, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკული მდგრადობისთვის.
ენერგეტიკული ბაზარი 2021 წლიდან ამოქმედდება, რაც დღით ადრე, საათობრივი ბაზრისა და საბალანსო მექანიზმის დანერგვას ითვალისწინებს.





