2020-07-06
შეხვედრები ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-ში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მხარდაჭერა ენერგოსექტორში მიმდინარე ახალი რეფორმების განხორცილების მიზნით" ფარგლებში, რამდენიმე ონლაინ სემინარი და ტექნიკური შეხვედრა გაიმართა.
ონლაინ შეხვედრებში, რომელიც 22 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის", საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) და კომპანიათა კონსორციუმის (Elia Grid International და LDK) წარმომადგენლები. ონლაინ შეხვედრების მიზანს საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობის განხილვა, ევროკავშირის გადამცემი სისტემის ოპერატორების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და ქსელის წესების მეთოდების დაგეგმვა წარმოადგენდა.
კომპანიათა კონსორციუმის (Elia Grid International და LDK) ექსპერტებმა საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მთავარ დაინტერესებულ მხარეებს პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს. ონლაინ შეხვედრების დროს მხარეებმა ასევე განიხილეს გადამცემი სისტემის ოპერატორის ხელშეკრულებები, ევროკავშირის ქსელის წესების მიღების პრინციპები და ქსელის დაგეგმვისა და ბაზრის მოდელირების მეთოდები.
პარალელურ რეჟიმში, 24 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში, სსე-ის ექსპლუატაციის, ტექნიკური უსაფრთხოებისა და პროექტების სამსახურების თანამშრომლებისთვის ტექნიკური სახის ვიდეო სემინარები გაიმართა. სსე-ის თანამშრომლები გაეცნენ ელექტროენერგეტიკული სისტემის დაგეგმვის ძირითად საკითხებს და ევროკავშირის ტექნიკურ მოთხოვნებს ტრანსფორმატორების, ამომრთველების, გამთიშველებისა და მაღალი ძაბვის სხვა მოწყობილობებისთვის. Elia Grid International-ის და LDK-ს კონსულტანტებმა დეტალურად ისაუბრეს ევროპული ბაზრის წესების შინაარსზე, სტატუსსა და განხორციელების სტანდარტებზე.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-ში დაგეგმილი მასშტაბური საერთაშორისო ინფრასტრუქტურული პროექტების ოპტიმიზაციის მიზნით, კომპანიათა კონსორციუმის დახმარებით, სსე ნერგავს მსოფლიოს თანამედროვე პრაქტიკებზე დაფუძნებულ მიდგომებს, რაც პროექტების განხორციელების პროცესს უფრო მოქნილს და ეფექტიანს გახდის.