2020-06-25
საინფორმაციო ტექნოლოგიები და პროექტები
თანამედროვე სამყაროში ქვეყნის განვითარება ტექნოლოგიური ცვლილებების გარეშე შეუძლებელია. საინფორმაციო ტექნოლოგიებმა კიდევ უფრო მეტი აქტუალურობა ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დროს შეიძინა. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" სათავო ოფისში SCADA-ს და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ ბესელიამ კომპანიის მენეჯმენტისთვის სტრატეგიული მიმართულებებისა და პროექტების შესახებ პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაციაში განხილული იყო დეპარტამენტის მიერ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში განხორციელებული პროექტები - დისპეტჩერების ტესტირების პროგრამის დანერგვა, პანდემიის პირობებში დისტანციური მუშაობის უზრუნველყოფა, სათავო ოფისის კომპიუტერული ქსელის მოდერნიზება და ა.შ. პრეზენტაციაში ასევე საუბარი შეეხო SCADA-ს და IT ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ცენტრალიზებული მართვისა და მონაცემთა შენახვის სისტემების ვირტუალიზაციის მნიშვნელობას.
დისპეტჩერული მართვისა და შეგროვების პროგრამის (SCADA) განახლების პროექტი სსე-ში 2017 წლიდან მიმდინარეობს და 2020 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტი მონაცემთა შეგროვებას, დამუშავებას და დისტანციური მართვის პროცესების დახვეწას ითვალისწინებს.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მუდმივად უზრუნველყოფს თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების შეუქცევად პროცესს.