2020-07-28
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ პრეზენტაცია საბალანსო ბაზრის წესების შესახებ
ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებმა ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის, სსე-ის, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის, გენერაციისა და გამანაწილებელი კომპანიების წარმომადგენლები.
სალიცენზიო პირობების თანახმად, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ უზრუნველყოფს საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირებას, უბალანსობის საფასურის გაანგარიშებას და განსაზღვრავს ფინანსური გარანტიების ოდენობას. სსე-ის თანამშრომლებმა პრეზენტაციაზე მიმოიხილეს საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის მთავარი ამოცანები და პრინციპები, ელექტროენერგიის დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სარეგისტრაციო და საკვალიფიკაციო პროცედურები, შესყიდვისა და ფინანსური ანგარიშსწორების პერიოდები. ყურადღება გამახვილდა საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის მნიშვნელოვან როლზე ბაზრის ოპერატორების ფუნქციონირების პირობებში.
ელექტროენერგეტიკული საბალანსო ბაზრის დანერგვის შედეგად, გაჩნდება მეზობელ ქვეყნებთან ბაზრის ინტეგრაციისა და ლიკვიდურობის ზრდის ახალი შესაძლებლობები, გაუმჯობესდება საინვესტიციო გარემო, რაც ხელს შეუწყობს მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას ენერგეტიკის სფეროში.