2020-07-29
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ 90 მლნ ევროს ღირებულების შეთანხმებას მოაწერა ხელი
ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამის (ENIP) ფარგლებში, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 90 მლნ ევროს ღირებულების შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ უჩა უჩანეიშვილმა. ქვეყნის ენერგეტიკისთვის მნიშვნელოვან პროექტებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განახორციელებს.
პროექტი სვანეთში, ნენსკრა-მესტიის, ლაჯანური-წყალტუბოს, ნამახვანი-წყალტუბოსა და ნამახვანი-ტვიში-ლაჯანურის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს. პროექტის ფარგლებში, ასევე განხორციელდება 500 კვ. ნენსკრას ქვესადგურის სამშენებლო სამუშაოები.
აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოსისტემის გაძლიერებას, ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას. შედეგად, შეიქმნება სტაბილური და საიმედო გადამცემი სისტემა, რაც ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელთან ინტეგრაციას და მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიის მიმოცვლის ზრდას.