ახალი ამბები

2020-05-08 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ქარის ენერგიების ცენტრალური პროგნოზირების სისტემის დანერგვის პროექტს ახორციელებს

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკული პროგრამის მხარდაჭერით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ქარის ენერგიის ცენტრალური პროგნოზირების სისტემის დანერგვის პროექტს ახორციელებს. პროექტის დეტალების განხილვის მიზნით, გაიმართა საერთაშორისო ონლაინ-კონფერენცია, რომელსაც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, ენერგეტიკის განვითარების ფონდის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, UL AWS True Power-ის, „უსასრულო ენერგიისა“ და Georgia Global Utilities-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე, კომპანია UL-მა, რომელიც პროექტში ქარის პროგნოზირების სერვისის მომწოდებელია, წარმოადგინა პრეზენტაცია ქარის პროგნოზირების სისტემის ტიპების, მათ მიერ შემოთავაზებული სერვისებისა და პროგნოზირების სისტემის იმ ტექნოლოგიური სპეციფიკაციების შესახებ, რომლის დანერგვაც საქართველოში ამჟამად მიმდინარეობს.

ქარის ენერგიების ცენტრალური პროგნოზირების სისტემის დანერგვა საქართველოსა და კავკასიის მთელ რეგიონში პირველად ხორციელდება. სისტემა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქარის ენერგიის უსაფრთხოდ ინტეგრაციის საქმეში და წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობას საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებისთვის. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში ქარის ცენტრალიზირებული პროგნოზირების სისტემის დანერგვის პროექტი 2018 წელს დაიწყო და ამჟამად პროექტი განხორციელების ფაზაშია.

sse-qaris-energiebis-centraluri-prognozirebis-sistemis-danergvis-proeqts-axorcielebs-1-small.pngsse-qaris-energiebis-centraluri-prognozirebis-sistemis-danergvis-proeqts-axorcielebs-2-small.jpg

კომუნიკაცია