2020-05-29
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების ლიცენზია მიენიჭა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ და „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ სახელზე ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების ლიცენზია გასცა. ლიცენზიების გაცემის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კანონები „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წელს დამტკიცებული ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია.
სალიცენზიო პირობების თანახმად, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ უზრუნველყოფს საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირებას, უბალანსობის საფასურის გაანგარიშებას და განსაზღვრავს ფინანსური გარანტიების ოდენობას. „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“ კი უზრუნველყოფს ელექტროენერგიის დღიური და დღით ადრე ბაზრების ოპერირებას, ბაზრების მონაწილეთა რეესტრის წარმოებას, ერთიანი ფინანსური ანგარიშსწორების გამჭვირვალე, ხელმისაწვდომი და საიმედო სისტემის ჩამოყალიბებას.
„საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებითა და კოორდინაციით „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 50%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნდა და მის ძირითად საქმიანობად განისაზღვრა ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება, დღით ადრე და შემდგომში დღიური ორგანიზებული ბაზრების ფორმირება და ბაზრის ოპერატორად ჩამოყალიბებისათვის საჭირო ღონისძიებების მომზადება, ორგანიზება და კოორდინაცია.
ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი 2021 წლიდან ამოქმედდება. შედეგად, შესაძლებელი გახდება ელექტროენერგიის ბაზრის ისეთი მოდელის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნასა და მომხმარებლისათვის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას.