2020-10-05
უჩა უჩანეიშვილი გორის ქარის ელექტროსადგურში გამართულ შეხვედრას დაესწრო
ქარის ენერგიის პროგნოზირების პროექტის მიმდინარეობის გაცნობის მიზნით, USAID ენერგეტიკის პროგრამის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი მისასალმებელი სიტყვით წარსდგა. შეხვედრა გორის ქარის ელექტროსადგურის ტერიტორიაზე გაიმართა და მას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, ენერგეტიკის განვითარების ფონდის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და USAID-ის ენერგეტიკული პროგრამის წარმომადგენლები. შეხვედრაზე პრეზენტაცია გააკეთა სსე-ის მიწოდების უსაფრთხოების ანალიზის განყოფილების უფროსმა ირაკლი გორდიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა ქარის ენერგიის პროგნოზირების სისტემის დანერგვის პროექტის მიმდინარეობაზე და მის მნიშვნელობაზე საქართველოს ეკონომიკური წინსვლის საქმეში.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ქარის ენერგიის ცენტრალური პროგნოზირების სისტემის დანერგვის პროექტს, „USAID ენერგეტიკის პროგრამის“ ტექნიკური დახმარებით, კომპანია UL AWS True Power-თან თანამშრომლობით ახორციელებს. პროგნოზირების სისტემა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქარის ენერგიის უსაფრთხოდ ინტეგრაციის საქმეში, ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობას საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებისთვის.
ქარის ენერგიების პროგნოზირების სისტემის დანერგვა საქართველოსა და კავკასიის მთელ რეგიონში პირველად ხორციელდება. პროექტი 2018 წელს დაიწყო და ამჟამად განხორციელების ფაზაშია.