2021-08-24
VPC-ის წარმომადგენლების ვიზიტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს გერმანული საკონსულტაციო კომპანიის (VPC) წარმომადგენლები ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანს სსე-ის ქსელში რეაქტიული სიმძლავრის მაკომპენსირებელი მოწყობილობების განსათავსებლად შესაბამისი ლოკაციის განხილვა წარმოადგენდა.
ბოლო წლების განმავლობაში, დედაქალაქში გაზრდილია აქტიური და რეაქტიული სიმძლავრეების მოხმარების მაჩვენებელი, რის გამოც ელექტროენერგიის ტრანსპორტირება ხდება დასავლეთ საქართველოდან. ამ პროცესს თან ახლავს ენერგიისა და ძაბვის დანაკარგი და ართულებს ზაფხულის პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოში ძაბვის ნორმის ფარგლებში შენარჩუნებას. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურება „კონდენსატორთა ბატარეის ქსელში ინტეგრაციის პროექტი“, რომელსაც სსე საკონსულტაციო კომპანიასთან ერთად ახორციელებს და მისი დასრულება 2022 წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი.
სამუშაო შეხვედრაზე VPC-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ, რომლის მიზანს სსე-ის კუთვნილ ქსელში ინსტალაციისათვის შესაბამისი კვანძის გამოვლენა და კონდენსატორთა ბატარეის სიმძლავრის განსაზღვრა წარმოადგენდა. სტუმრებმა მოინახულეს სსე-ის კუთვნილი ქვესადგურებიც „ნავთლუღი-220“, „გლდანი-220“, „ახალციხე-500“, გაეცნენ არსებულ ინფრასტრუქტურას და სსე-ის თანამშრომლებთან ერთად იმსჯელეს კონდენსატორების განთავსების შესაძლო ადგილმდებარეობის შესახებ.