2021-01-28
ელექტრული სისტემების საერთაშორისო საბჭოს სხდომა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს წევრმა და CIGRE-საქართველოს თავმჯდომარემ, გიორგი ამუზაშვილმა, ვირტუალურ ფორმატში გამართულ, ელექტრული სისტემების საერთაშორისო საბჭოს (CIGRE) სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული გაერთიანების (SEERC) ტექნიკურ მრჩეველთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
სხდომაზე განიხილეს 2021 წელს გასამართი SEERC-ის კონფერენციების მოსამზადებელი ღონისძიებები, ასევე არსებული და ახალი რეგიონული სამუშაო ჯგუფების სტატუსები. აღნიშნულ ჯგუფებში აქტიურად მონაწილეობენ CIGRE-საქართველოს წარმომადგენლები, რომელთა სამეცნიერო ნაშრომები ქვეყნდება CIGRE -ს სესიებზე.
CIGRE-საქართველოს კომიტეტის ძალისხმევით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული გაერთიანების ისტორიის სახელმძღვანელოში შესულია ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკის ისტორიის შესახებ. მკვლევართა ჯგუფებში ქართველი ინჟინრებისა და ექსპერტების მონაწილეობა ზრდის მსოფლიოს წამყვანი ელექტროენერგეტიკული სამეცნიერო წრეების ცნობადობას საქართველოს ენერგოსისტემის შესახებ და ხელს უწყობს ევროპელი და ქართველი ინჟინრების დაახლოებას.