2021-09-09
„ჰიდროლოგიისა და წყალსაცავების გზამკვლევი პროექტი“-ს გაცნობა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” გენერალური დირექტორი უჩა უჩანეიშვილი ,,ჰიდროლოგიისა და წყალსაცავების გზამკვლევი პროექტი“-ს ონლაინ პრეზენტაციას დაესწრო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, ჰიდროსადგურების წარმომადგენლები, ევროპული კომპანიების (AFD და EDF) სპეციალისტები, ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“-ს წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.
ჰიდროლოგიისა და წყალსაცავების გზამკვლევის მოდული, სსე-ის თანამშრომელთა ჩართულობით, ფრანგული საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიის (EDF) მიერ შეიქმნა და მის მიზანს, მდინარე რიონის მაგალითზე, საქართველოში ჰიდროლოგიის პროგნოზირების შესაძლებლობის განხილვა წარმოადგენს.
საქართველოს ჰიდროლოგიური პოტენციალის ობიექტური შეფასება ხელს შეუწყობს წყლის რესურსის კომპლექსურ გამოყენებას და დადებითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ჰიდროლოგიის პროგნოზირება კი, საქართველოში არსებულ ჰიდროსადგურებს საშუალებას მისცემს: განახორციელონ წყალსაცავების უსაფრთხო მართვა, ეფექტურად გამოიყენონ კასკადურობა, განსაზღვრონ წყლის რესურსებისა და ენერგიის ოპტიმიზაცია, ენერგიის სიჭარბე და დეფიციტი.