2021-02-02
„ჯვარი-ხორგა“-ს პროექტის სამშენებლო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს
„ჯვარი-ხორგა“-ს პროექტის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „კავკასიონი“ 700-მეტრიანი მონაკვეთის გაჭიმვის სამუშაოები დაასრულა.
„გადამცემი ქსელის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. სწორედ ამას ემსახურება ჯვარის და ხორგას ქვესადგურების დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის პროექტი, რომელიც გაზრდის ქვეყნის შესაძლებლობებს, როგორც ელექტროენერგიის ტრანზიტის, ასევე რეგიონების ელექტრომომარაგების საიმედოობის კუთხით“, - განაცხადა სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, უჩა უჩანეიშვილმა.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ქვესადგურების „ჯვარი-500“ და „ხორგა-220“ დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის მასშტაბურ პროექტს 2014 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ასევე ხორციელდება 500 კვ. ორჯაჭვა ელეტროგადამცემი ხაზის „კავკასიონი“ ქვესადგურში „ჯვარი“ შეჭრის სამუშაოები. პროექტის დასრულების შემდეგ, მკვეთრად გაიზრდება ელექტროენერგიის სიმძლავრის ტრანზიტის შესაძლებლობა, ამაღლდება ქვეყნის ერთიანი ენერგეტიკული სისტემის მდგრადობა და ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება უწყვეტი და საიმედო ენერგომომარაგებით, რაც საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს.